ბაიდენი: აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატოში მათი გაწევრიანება განიხილება
აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატოში მათი გაწევრიანება განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ამერიკის ლიდერმა მხარი დაუჭირა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ და ორივე ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებამდე აგრესიის შემთხვევაში დაცვა შესთავაზა.
„სანამ განიხილება მათი განაცხადები ნატოში გაწევრიანების შესახებ, შეერთებული შტატები იმუშავებს ფინეთთან და შვედეთთან, რათა იყოს ფხიზლად საერთო უსაფრთხოებისთვის, აგრესიის ან აგრესიის საფრთხის შეკავებისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოუთმენლად ელოდება შეხვედრას ფინეთის პრეზიდენტთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტი 19 მაისს არის დაგეგმილი.