ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დადებითად შეაფასა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის წლიური ანგარიში.
პარლამენტის ინფორმაციით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ განახორციელა.
მისი თქმით, დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გაიცა, რომელთა დანერგვამ მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში მეტი არჩევანის საშუალება უნდა მისცეს. „მოხარულები ვართ, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რეკომენდაციების დანერგვა აქტიურად დაიწყო”, – აღნიშნა მომხსენებელმა.
მომხსენებლის ინფორმაციით, გრძელდება საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი. მისივე განცხადებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები კვლავ ფართოვდება და ეს პროცესი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესთან.
„გასული წლების გამოწვევების მნიშვნელოვანი ნაწილი დაძლეულია. ახალი 2022 წლის მთავარი მიზანი კი ისევ ჩვენი უწყების ნდობის, რეპუტაციის კიდევ უფრო განმტკიცება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქციის ეფექტიანი აღსრულება იქნება.ჩვენი უწყება წელსაც მზად არის მიიღოს საჭირო, სასარგებლო და, რაც მთავარია, სამართლიანი გადაწყვეტილებები ბიზნესის და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. კომიტეტმა დადებითად შეაფასა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში დღესვე კომიტეტში ბავშვის ქონების განკარგვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების აღსრულების კონტროლისა და სასამართლო პრაქტიკის გაანალიზების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.