ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება
რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი მადრიდში ნატოს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რეზნიკოვი აღნიშნავს, უკრაინა დაინტერესებულა, მიიღოს საერთაშორისო დახმარება, რათა რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს იარაღი.
„რუსეთი მრავალი თვალსაზრისით ემზადება გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის. ომი გადადის გაჭიანურებულ ფაზაში. ჩვენ ვხედავთ, რუსი დამპყრობლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ახორციელებენ საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვაზე გადავიდნენ.
ჩვენ გვსურს დავამარცხოთ მტერი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები რაც შეიძლება მალე. ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გაჭიანურების საშუალებას. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად და სწორი რაოდენობით“, – წერს რეზნიკოვი.