გურამ მაჭარაშვილი: პოლიტიკურ დევნაზე საუბარი მიუღებელია – აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან თანხები არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ

აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან საკმაოდ სოლიდური თანხები არასწორად, არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ. ამიტომ, მოჭარბებული პოლიტიკური განცხადებები და ემოციები უსაფუძვლოა, – ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობის შესახებ.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას სწორი, სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია მიტაცებული ჰქონდათ ნიკა გვარამიას და მის თანამზრახველებს. ახლა უკვე დადგინდა, რომ მას და მის თანამზრახველებს ჰქონდათ მიტაცებული თანხები და ეს თანხები ბიუჯეტში იმ მიზეზით არ შედიოდა, თითქოს, „რუსთავი 2“-ს ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან საკმაოდ სოლიდური თანხები არასწორად, არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მოჭარბებული პოლიტიკური განცხადებები და ემოციები უსაფუძვლოა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა და საერთაშორისო სასამართლომ კარგად დაინახეს, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მედიასაშუალებების ნაწილი ე.წ. დემოკრატიის ფარით სარგებლობს, ვითომ, დემოკრატიის დაცვით სჩადიან არაკანონიერ ქმედებებს. სამართლებრივ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება, რომ სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა, ამ პასუხისმგებლობას გაექცე, რადგან საჯარო მოხელე ხარ ან მედიასაშუალების ხელმძღვანელი. საუბარი ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის. რადიკალურ ოპოზიციასა და ამ მედიასაშუალებებს საერთაშორისო სასამართლომ სავიზიტო ბარათი გადასცა, რომლითაც დადგინდა, რომ „რუსთავი 2“-ს არაკანონიერად ფლობდნენ. ბუნებრივია, ამ ფონზე რაიმე სახის პოლიტიკურ დევნას არავინ დაიჯერებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივად დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები