მეუფე შიო: არის ფიზიკური სნეულება, მაგრამ უარესია სულიერი სნეულება – თუ ადამიანი მოინდომებს გამოსწორებას და ფერისცვალებას, უფალი მზად არის მოვიდეს ასეთ ადამიანთანაც და განკურნოს
“არის ფიზიკური სნეულება, მაგრამ უარესია სულიერი სნეულება. თუ ადამიანი მოინდომებს გამოსწორებას და ფერისცვალებას, უფალი მზად არის მოვიდეს ასეთ ადამიანთანაც და განკურნოს”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეm, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.
მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„უფალი მიდის ე.წ. ცხოვართა საბანელთან, რომელსაც ეწოდებოდა ბითეზდა. იქ, იმ საბანელში, იმ აუზში წელიწადში ერთხელ იმღვრეოდა წყალი და ხალხი ამბობდა, რომ ამ დროს ანგელოზი ჩამოდის, ამღვრევს ამ წყალს და ვინც პირველი ჩადის ამ წყალში, ის იკურნებაო. რა თქმა უნდა, იქ იყო მრავალი ხეიბარი, ავადმყოფი, სნეული, მათ შორის ერთი იყო 38 წლის განმავლობაში პარალიზებული ადამიანი, განრღვეული. განსაცვიფრებელია, ე.ი. იგი 38 წელი იწვა იმ ადგილას. და მიბრძანდება უფალი იესო ქრისტე იქ, მიდის ამ კაცთან და ეკითხება: „გინდა, რომ განიკურნო?“ ასეთ, თითქოს უცნაურ შეკითხვას აძლევს. მის ადგილას ალბათ ნებისმიერი გაღიზიანდებოდა ასეთ შეკითხვაზე, ან უხეშად უპასუხებდა, რომ შენ როგორ ეკითხები 38 წლის მწოლიარე ავადმყოფს, უნდა თუ არა განიკურნოს. ან უსაყვედურებდნენ, მაგრამ ეს ადამიანი ასეთს არაფერს იტყვის, არამედ მოუთხრობს თავის მდგომარეობას, რომ ამდენი წელია, ასეთ მდგომარეობაშია, ერთი კაციც არ გამოჩნდა ამდენი წლის განმავლობაში, რომ როდესაც წყალი იმღვრევა, ჩაიყვანონ წყალში, არავინ უთმობდა და ყველა წინ ასწრებდა მას. აი, მხოლოდ ეს უთხრა მაცხოვარს. ამაზე უფალმა იესო ქრისტემ უთხრა: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე!“ და ეს ადამიანი, მართლაც, იღებს თავის ლოგინს, გაივლის და განიკურნება. შემდეგ, მეორე დღეს, უფალი მას უკვე ტაძარში ხვდება. როგორც ჩანს, ეს კაცი მიდის ტაძარში იმისთვის, რომ მადლობა შესწიროს ღმერთს ამ განკურნებისთვის. იქ უფალი ეტყვის, რომ „აი, შენ განიკურნე და მეტი აღარ შესცოდო, რომ რაიმე უარესი არ დაგემართოს“. აი, ასეთი სახარებაა.
ამრიგად, იესო ქრისტეს სიტყვებიდან ჩანს, რომ სნეულება არის ცოდვის შედეგი და ამ ადამიანის შემთხვევაშიც ასე იყო, მაგრამ ამ კაცმა ამ სნეულების შედეგად მიაღწია იმას, რომ სულიერად განიკურნა, ამ 38 წლის განმავლობაში მასში მოხდა სულიერი ფერისცვალება, ის გახდა საოცრად მორწმუნე, თავმდაბალი, ურისხველი, ღმერთზე მიმნდობი ადამიანი, ანუ იგი შეიმოსა ასეთი თვისებებით და შესაძლებელი გახდა უკვე მასთან უფლის მისვლა და ასეთი დიდი მადლის მიღება. თქვენ ალბათ არაერთგზის გსმენიათ, რომ უფლის მადლი მხოლოდ თავმდაბალ ადამიანთან მიდის, მხოლოდ სიმდაბლესთან მიდის, წმინდა მამები იმასაც კი ამბობენ, რომ სიმდაბლე – ეს არის ღმერთის შესამოსელი. აი, ამ კაცმა სიმდაბლის შესამოსელი შეიძინა და შესაძლებელი გახდა მისთვის მადლის მიღება, სულიერად განიკურნა და მისთვის ეს სნეულება უკვე აღარ იყო საჭირო, რისთვისაც დაუშვა მასზე უფალმა, ამიტომაც მოხდა ეს სასწაულებრივი განკურნება.
აი, ეს ჩვენთვის დიდი გაკვეთილია, ძმებო და დებო. ჩვენ, საერთოდ, სნეულებას – ჩვენსას თუ ჩვენი ახლობლებისას – ვუყურებთ ხოლმე, როგორც რაღაც შემთხვევითობას, მაგრამ ეს ასე არ არის. უფალი უშვებს სნეულებას ჩვენზე, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაგვაგებინოს ამ ცხოვრებაში, რომ სულიერად განგვკურნოს; ფიზიკური სნეულება ხშირად ამისთვის ეშვება, რომ ადამიანი სულიერად განიკურნოს და გაძლიერდეს. და როდესაც ეს ხდება, მაშინ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ფიზიკური სნეულებაც უკან იხევს ხოლმე. ახლობლებს რატომ ვახსენებ? – იმიტომ, რომ ხშირად ადამიანი ახლობლების სნეულებას უფრო მეტად განიცდის, ვიდრე თავისას. როცა შვილი ავად გიხდება, უფრო გტკივა, ვიდრე შენი თავი. ამიტომ ამაზე უნდა დავფიქრდეთ დღეს.
და მეორე, რისი თქმაც მინდოდა, რომ არის სნეულება ფიზიკური, მაგრამ უარესია სულიერი სნეულება. აი, ეს სახარება ჩვენ გვაფიქრებს ამ განრღვეულობაზეც, სულიერ პარალიზებაზეც, სულიერ განრღვეულობაზეც. როგორც ეს კაცი იწვა ამდენი წლის განმავლობაში სარეცელზე, ასევე სულიერად განრღვეული ადამიანები წვანან თავიანთი ცოდვების სარეცელზე და თითქოს არსაიდან არის ხსნა, მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს გამოსწორებას და ფერისცვალებას, უფალი მზად არის მოვიდეს ასეთ ადამიანთანაც, განკურნოს და მასაც ეტყვის უფალი: „ადექი და გაიარე“. ეს ჩვენც, ყველას გვეხება, იმიტომ რომ ეს სულიერ სნეულებათა სარეცელი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. ალბათ ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მძიმე, საშიში სნეულება გახლავთ ჩვევა, მავნე ჩვევები, როდესაც ჩვენ ვეგუებით ამ ჩვევებს, კი არ ვასწორებთ, კი არ ვებრძვით, არამედ ვეგუებით, აი, ამ სარეცელზე, უძრაობაში ვიმყოფებით, არ ვებრძვით, არ ვასწორებთ და, შესაბამისად, ვართ განრღვეულები. ამიტომ არანაირი სულიერი წინსვლა და აღმასვლა არ გვაქვს, ერთ ადგილას ვართ და უფრო მეტიც, გახსოვთ, ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს არაერთხელ უთქვამს, რომ ადამიანი ან წინ, ან უკან მიდის სულიერად, იგი ერთ ადგილას ვერ ჩერდება. ამიტომ ეს სიტყვები ჩვენც მოგვემართება. ჩვენც უნდა ვიმოძრაოთ, სულიერ ცხოვრებაში აუცილებელია ღვწა, მოღვაწეობა, მოძრაობა, სიარული წინ და არავითარ შემთხვევაში – შეგუება ჩვენს ჩვევებთან, რომელთაგან შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგალითად, განკითხვა. ადამიანი უკვე მიჩვეულია განკითხვას, ზოგი აღსარებაშიც ამბობს, მაგრამ შემდეგ, ჩვევიდან გამომდინარე, მაინც განიკითხავს. ან შეიძლება მივეჩვიოთ იმას, რომ, მაგალითად, არ ვიკითხოთ წმინდა წერილი, მოციქულთა და წმინდა მამათა სწავლება, არ შევიმეცნოთ ჩვენი სარწმუნოება და ა.შ. უამრავი ჩვევა არსებობს და რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, ეს ჩვევებიც იმატებს და ადამიანშიც უფრო მყარდება ისინი, უფრო მეტად და მეტად პარალიზებული, სულიერად განრღვეული ხდება ადამიანი. ამიტომ ამბობს უფალი: „აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და გაიარე!“ – იარე! – ანუ არ უნდა გავჩერდეთ. ეს ჩვენც გვეხება. ასე რომ, კარგად დავიმახსოვროთ ეს სიტყვები.
ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ამისთვის მადლი, ძალა და შეწევნა და გვახსოვდეს, რომ აუცილებლად მოგვცემს, დაგვეხმარება ამ გზაზე; მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მაგივრად უფალი არ გააკეთებს ამას, არ იცხოვრებს ჩვენ მაგივრად. იგი ჩვენთვის მოკვდა და აღდგა მკვდრეთით და აი, უკვე ამის შემდგომ შეგვიძლია, მოგვეცა საშუალება, მისი ცხოვრებით ვიცხოვროთ, მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს ცხოვრებით ვიცხოვროთ ჩვენ, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, რომ „ამიერიდან ყველაფერი შემიძლია განმაძლიერებელისა ჩემისა იესო ქრისტეს მიერ“, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!”,- განაცხადა მეუფე შიომ.