ლექსო თორაძე ღირსების და თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება

გუშინდელ დღესავით მახსოვს 1983 წლის აგვისტოს მიწურული, თბილისში მეხის გავარდნას ჰგავდა ცნობა პიანისტ ლექსო თორაძის უცხოეთში დარჩენის შესახებ. ნიჭით შემკულ მუსიკოსს საბჭოთა კავშირის კულტურის პოლიტიკა არ აძლევდა საკუთარი შესაძლებლობების სრული წარმოჩენის უფლებას, რამდენჯერ გააწბილეს და დაანგრიეს მისი იმედები. უცხოეთში დაგეგმილი გამოსვლები ბოლო დღეებში სხვებით არაერთხელ ჩაანაცვლეს. ასეთ მარწუხებს ის არ შეეგუა და ესპანეთის და იტალიის გავლით გადავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც მისი ტალანტი უკვე შემჩნეული და აღიარებული იყო საერთაშორისო კონკურსებზე.
ახლა იოლად ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ რა ხდებოდა მაშინ თბილისში მთელი ის ზაფხული, ამის წარმოდგენაც კი შემზარავია. ყველა ამ თემას განიხილავდა და მახსოვს, სტუდენტებს როგორ გვმოძღვრავდნენ ჩვენი, განსაკუთრებით პარტისტორიისა და პოლიტიკური ეკონომიის ლექტორები?
სამარცხვინოს და შეუფერებელს უწოდებდნენ ხელოვნის საქციელს. ასეთი ცხოვრება ჰქონდა, ასეთი მშობლების შვილია და რა სჭირდა საიმისო, რომ ეს სამარცხვინო საქციელი ჩაედინაო?! თქვენ წარმოიდგინეთ, რა დღეში იყო მისი დედ-მამა? რა ჯოჯოხეთი მოუწყო მათ ამის გამო „კა-გე-ბემ“? სამ თვეში გარდაიცვალა მამა, გამოჩენილი კომპოზიტორი დავით თორაძე, დედას ლიანა ასათიანს მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ მიეცა შვილის ამერიკაში მონახულების უფლება. რამხელა ადამიანური ტრაგედია დაატეხა თავს კომუნისტურმა რეჟიმმა ამ ღირსებით სავსე ოჯახს? ქალბატონი ლიანა მედგარი ბუნების ადამიანი გახლდათ. ლექსოც ღირსების და თავისუფლების შელახვას არავის აპატიებდა, რადგან ამ დედის გაზრდილი იყო. პირად საუბარში უთქვამს ჩემთვის ქალბატონ ლიანას და სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში.
16 წლის იყო ლიანა ასათიანი, როცა მიხეილ ჭიაურელმა „გიორგი სააკაძეში” ათამაშა დედოფალ თეკლას როლი. „ჰოდა, როცა ჭიაურელთან ვმუშაობდი, მაშინ მსახიობები მოდიოდნენ და სთხოვდნენ მასობრივ სცენებში მაინც დაგვაკავე, თორემ დავიხოცებითო! საკუთარ თავს მე ასეთ რამეს არასოდეს ვაკადრებდი. ღირსების გრძნობას ადამიანი არ იძენს, უბრალოდ, ან აქვს, ან არა”, – იხსენებდა ქალბატონი ლიანა. ასეთ მლიქვნელობას ვერც ლექსო შეეგუებოდა და სრულიად ბუნებრივია გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. ამის მერე იყო თვითმფრინავის გატაცების ამბავი, რომელმაც მერე ლიტერატურაშიც პოვა ასახვა და თეატრშიც…
ლექსო თორაძის ცხოვრების ერთი საუკეთესო მონაკვეთი მინდა გავიხსენო. 1997 წლის აგვისტოში ედინბურგის ხელოვნების ფესტივალზე მან ცნობილ საკონცერტო დარბაზ „აშა ჰოლში“ გამართა კონცერტი და იყო მართლაც ტრიუმფალური წარმატება. რასაც თან დიდი ადამიანური სიხარულიც ერთვოდა, რადგან მასთან ერთად ამ გამარჯვებას იზიარებდა ლექსოს ცოლ-შვილი და დედა.
ქალბატონი ლიანა ასეთი ამაყი და გახარებული მე არ მახსოვს. იმ წელს ედინბურგში 50-მდე ქართველი მაინც იმყოფებოდა და თითქმის ყველა დაესწრო ლექსოს კონცერტს, რადგან საქართველოში ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვქონია.
იმხანად გოგი ალექსიძის ქორეოგრაფიას ორი კვირის განმავლობაში წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო ბალეტი „ესემბლი რუმის” დარბაზში. ლექსო და ქალბატონი ლიანაც დაესწრნენ ამ პროგრამას. „სიმფონიური ცეკვების” მერე ბატონ გოგისთან მოვიდა ლექსო და წარმატება მოულოცა. მახსოვს, ბატონმა გოგიმ წამოიწყო საუბარი დავით თორაძის „ტანგოზე”, მინდა ამ მუსიკაზე დავდგა ქორეოგრაფიაო. ლექსო მაშინ შეჰპირდა, რომ გამოუგზავნიდა ნოტებს. სასიამოვნოა, რომ ეს კოლაბორაცია მართლაც შედგა და წლების მერე ამ მუსიკაზე გიორგი ალექსიძემ ბრწყინვალე ქორეოგრაფიული მინიატურა შექმნა.
მე მაშინ ლექსოს ვკითხე, თუ იწერდა თავს გადამხდარ ამბებს? ეს აუცილებლად დასჭირდება მომავალს და გთხოვთ, გამონახოთ ხოლმე დრო და ჩანაწერები გააკეთეთ-მეთქი. გაიღიმა და მითხრა, მაგაზე ჯერ არ მიფიქრია და ვეცდები, იქნებ გამომივიდესო.
მას შემდეგ 25 წელიწადი გავიდა, მე ლექსო აღარ მინახავს, რომ შევკითხოდი, რა უყო თავის მოგონებებს, ქაღალდს თუ გაანდო ნეტავ?
არადა, თუკი მსგავსი რამ დატოვა, რა დიდებული წყაროა თავისთავად და რაოდენ მდიდარი მასალაა ლიტერატურისთვის, თეატრისთვის? ამ ერთი ქართული ოჯახის ტრაგედია და ტრიუმფი გულგრილს არ დატოვებს 21-ე საუკუნის აუდიტორიას. ჩვენი მწერლები, დრამატურგები თუ რეჟისორები ალბათ უნდა დაინტერესდნენ. მასალა ლექსოს ჩანაწერების გარეშეც უამრავი მოიძებნება. ახლა, როცა ლექსო თორაძე აღარ არის ჩვენ გვერდით, დროულია, შეიქმნას ამ ეპოქალური, თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის მებრძოლი კაცის ცხოვრების ამსახველი მხატვრული ტექსტი, რომელიც მერე სცენაზეც იპოვის თავის ადგილს…

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები