პუტინი: დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალურ კრიზისს იწვევს

დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ურტყამს იმ ქვეყნების ეკონომიკას, რომლებიც მათ აწესებენ და ასევე, იწვევს გლობალურ კრიზისს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ეს სანქციები დიდწილად გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს. მათი ავტორები, რომლებიც ახლომხედველი, გაბერილი პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით ხელმძღვანელობენ, უფრო მეტად საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, მოქალაქეების კეთილდღეობას ურტყამდნენ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს ევროპაში ინფლაციის მკვეთრი მატებიდან ჩანს, ზოგიერთ ქვეყანაში ის უკვე წლიურ 20%-ს უახლოვდება, მთლიანობაში კი ევროზონაში საქონლის ფასები 11%-ზე მეტით გაიზარდა.

პუტინის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გლობალურ შედეგებში, მათ შორის რიგ სახელმწიფოებში შესაძლო შიმშილის გამო, დასავლეთის ქვეყნებია პასუხისმგებელი, რომლებიც მზად არიან დანარჩენი მსოფლიო თავიანთი დომინირებისთვის გასწირონ.

ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის მიმართ „სანქციებით შეპყრობილის“ პოლიტიკის გაგრძელება ყველაზე რთულ და შეუქცევად შედეგებამდე მიიყვანს ევროკავშირის მოქალაქეებს და მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს.

„ცხადია, ობიექტური ეკონომიკური კანონებიდან გამომდინარე, სანქციების აკვიატება, თუ შეიძლება ასე ვუწოდო, აუცილებლად გამოიწვევს ყველაზე რთულ, ევროკავშირისთვის, მისი მოქალაქეებისა და უღარიბესი სახელმწიფოებისთვის საპირისპირო შედეგებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები