“რუსეთის მიმართ დასავლეთის ქვეყნების ცინიზმი სულ უფრო მკვეთრი ხდება. ისინი ცდილობენ, შემოიტანონ თეზისი, რომ რუსეთი მსოფლიოს ბირთვული კონფლიქტით აშინებს”, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამის არხზე დაწერა.
„რუსეთთან ნატო-ს ომზე უცხოელი ანალიტიკოსების გაუთავებელი საუბრები არ ცხრება. ამასთან, დასავლური „მოლაპარაკე თავების“ ცინიზმი სულ უფრო და უფრო ღია ხდება. ისინი ყველანაირად ცდილობენ, დანერგონ თეზისი, რომ რუსეთი მსოფლიოს ბირთვული კონფლიქტით აშინებს. ტრამპიც კი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ამ ჭეშმარიტებით, თუმცა, გასაგებია, რომ ბაიდენის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ევროპელები წიკვინებენ”, – წერს მედვედევი.
მისივე თქმით, „დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთთან გაჩაღებული მარიონეტული ომის კონტექსტში, მსურს, კიდევ ერთხელ ნათლად ჩამოვთვალო ის, რაც ასე აშკარაა ყველა გონივრული ადამიანისთვის. ნატო-ს ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება, მისი ჯარების მომზადება დასავლური ტექნიკის გამოსაყენებლად; დაქირავებულების გაგზავნა და ჩვენს საზღვრებთან ალიანსის წვრთნების ჩატარება, აძლიერებს პირდაპირ და ღია კონფლიქტის ალბათობას ნატო-სა და რუსეთს შორის, იმ მარიონეტული ომისგან განსხვავებით, რომელსაც ისინი ამჟამად აწარმოებენ”.
მედვედევი ამბობს, რომ ყოველივე ეს რისკებს შეიცავს.
“ასეთ კონფლიქტს ყოველთვის აქვს სრულფასოვან ბირთვულ ომში გადაზრდის რისკი. ეს იქნება ყველასთვის კატასტროფული სცენარი. სულ ეს არის. ამიტომ, არ უნდა მოატყუო საკუთარი თავი და სხვები. უბრალოდ, უნდა იფიქრო შესაძლო შედეგებზე და არ დაიხრჩო საკუთარ ნერწყვში რუსოფობიის გამო!”, – წერს მედვედევი.