უკრაინაში ომის დროს რუსეთმა, სავარაუდოდ, 10-დან 12-მდე ზებგერითი იარაღი გამოიყენა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირი არ ადასტურებს უკრაინის მტკიცებას, რომ რუსეთმა გასულ შაბათ-კვირას ოდესას „კინჟალის“ ტიპის რაკეტები ესროლა.
„აშშ-ს არ უნახავს რაიმე მინიშნება, რომ რუსეთმა გამოიყენა ჰიპერბგერითი იარაღი ამ თავდასხმებში. ცხადია, ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი იყენებდნენ ზებგერით იარაღს წარსულში და იერიში მიჰქონდათ შენობებზე, მაგრამ მე არ ვფლობ ინფორმაციას, რომ ამ ტიპის რაკეტები ოდესაში გამოიყენეს“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის, სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, რუსეთმა სამი „კინჟალის“ ტიპის რაკეტა გაისროლა, რომლის სამიზნეც ტურისტული ინფრასტრუქტურა იყო.