“უკრაინაში ომის დაწყებიდან ნატო-ს, როგორც ორგანიზაციის ძლიერ პოზიციას ვერ ვხედავთ” – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნატო-ს, როგორც ორგანიზაციის აქტიური და ძლიერი პოზიცია არ ჩანს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
დიპლომატმა დასძინა, რომ ნატო-ს 14-15 მაისის არაფორმალურ მინისტერიალზე მიწვევა ჯერ არ მიუღია.
“მგონია, რომ პრინციპში უცნაურია ევროატლანტიკური სივრცის პრობლემების განხილვა უკრაინის გარეშე, ობიექტური სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ალიანსს ვუტოვებთ, ეს მათი შიდა საქმეა”, – განაცხადა კულებამ.
მან დასძინა, რომ ამ შეხვედრიდან დიდი მოლოდინი არ აქვს.
„ომის დაწყებიდან, ვხედავთ ნატო-ს ცალკეული მოკავშირეების ან მათი ჯგუფების ძალიან აქტიურ როლს, რომელსაც ისინი ქმნიან, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ალიანსის, როგორც ორგანიზაციის აქტიურ და ძლიერ პოზიციას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის მომავალი უკრაინის ფრონტზე წყდება. ვინც ცდილობს ამ ფაქტის დაკნინებას, დიდ ზიანს აყენებს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge