უკრაინის პროკურატურა: სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილია ელექტრიკოსი, რომელიც ”აზოვსტალში” მუშაობდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილია ელექტრიკოსი, რომელიც მარიუპოლში, ”აზოვსტალის“ ქარხანაში ელექტრომოწყობილობის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე მუშაობდა.

პროკურატურის ვერსიით, ეჭვმიტანილმა რუსულ ჯარებს მიაწოდა ინფორმაცია ”აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე მიწისქვეშა გვირაბების, საწყობებისა და კომუნიკაციების ადგილმდებარეობის შესახებ.

”ოკუპანტებმა ეჭვმიტანილისგან მიღებული ინფორმაცია ვიდეოზე დააფიქსირეს და გაავრცელეს ინტერნეტში პროპაგანდისტული აქტივობების განსახორციელებლად და მარიუპოლის დამცველების დემოტივაციის მიზნით,“ – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა.

უწყების ცნობითვე, ეჭვმიტანილი ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება და ეჭვის შესახებ მას დაუსწრებლად ეცნობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები