საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო. მადლობა პრემიერმინისტრს ამ უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოს წარმატებული გაძღოლისა და დათქმულ ვადამდე დასრულებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
“2669 კითხვის შევსების უკან დგას რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე, რომელთა პროფესიონალიზმმა და თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობამ ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახადა. მადლობა თქვენ თქვენი ქვეყნის დაუღალავი სამსახურისთვის.
ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული”, – წერს შალვა პაპუაშვილი.