თეა წულუკიანი: კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო და ევროკავშირს დღეს გადაეცემა, დადგენილი ვადის გასვლამდე ბევრად ადრე
კითხვარის შესავსებად ყველა უწყებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესანიშნავი კოორდინაციისა და პრაქტიკულად, 24-საათიანი რეჟიმის ფარგლებში ვიმუშავეთ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო და ევროკავშირს დღეს გადაეცემა.
“ეს იყო მართლაც ტიტანური შრომა და კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც ყველაზე მოცულობითი და დარგობრივია, წარმატებით შეივსო. ის დღეს გადაეცემა ევროკავშირს დადგენილ ვადაში და ვადის გასვლამდე ბევრად ადრე, ვინაიდან მთელი ვიზალიბერალიზაციის პროცესმა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინარე პერიოდმა ჩაიარა ჩემ თვალწინ და მე მახსოვს, როგორ მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით უწყებები მაშინაც ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო.
შეგახსენებთ, 2 მაისს ევროკავშირის კითხვარის შევსებული ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს გადასცა. ევროკავშირის წევრობის კითხვარის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა.
რაც შეეხება კითხვარის მეორე ნაწილს, ის 33 თავისგან შედგება და დაახლოებით 2300-მდე კითხვას აერთიანებს. მეორე ნაწილი დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.