„სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანეს, დამნაშავეებად ცხადდებიან“

  “ნაციონალურ მოძრაობაში” ექსპრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ეხმიანებიან. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამართლებრივი პროცესები არის პოლიტიკურად მოტივირებული და ბრალდების მხარეს არ აქვს მტკიცებულებები მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეს არის პოლიტიკური დევნა ყოფილი ხელისუფლების მიმართ.
„სამწუხაროა, რომ დღევანდელ საქართველოში ბედუკაძე, კობალაძე, წითელაშვილი და სხვები არიან გმირები და ის ადამიანები, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანეს და ბევრი რამე გააკეთეს, ისინი დღეს სახელმწიფოს მტრებად და დამნაშავეებად ცხადდებიან. ეს არის სამწუხარო რელობა და საზოგადოებამ ალბათ, დროულად უნდა განსაჯოს ყოველივე ეს და ობიექტურად შეაფასოს ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები