ერევნის ცენტრში, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს
ერევანში, საფრანგეთის მოედანზე წინააღმდეგობის მოძრაობის ეროვნული აქცია მიმდინარეობს.
ქვეყნის მთავრობის ოპოზიცია და მათი მომხრეები 2 მაისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ. წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ნიკოლ ფაშინიანის და მისი გუნდის გადადგომას ითხოვენ.
დღევანდელ აქციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის“ წევრმა, გეგამ მანუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია პრემიერმინისტრობის კანდიდატზე ჯერ არ შეჯერებულა.
მანვე აღნიშნა, რომ პირველად ესმის, თითქოს, ოპოზიცია აპირებს, შექმნას დროებითი მთავრობა, რომელსაც ყოფილი უფლებადამცველი, არმან ტატოიანი უხელმძღვანელებს.
„მედიის წარმომადგენლები პრემიერს თავად ასახელებენ და საკითხი დღის წესრიგში აქვთ, მაგრამ ამ გზავნილებს რეალურ პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვს. როცა დრო მოვა, მოძრაობა პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს“, – განაცხადა მანუკიანმა.