თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გრიგოლ წერეთლის ბიუსტი გაიხსნება
13 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ცნობილი ქართველი პალეოგრაფისა და პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის ბიუსტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თაბაშირში შესრულებული ბიუსტის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე, იაკობ ნიკოლაძე. ბიუსტის ასლი ბრინჯაოში ჩამოასხა გია ჯაფარიძემ და უსასყიდლოდ გადმოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
გრიგოლ წერეთელი (1870-1939) იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის დარგის დამფუძნებელი. 1920-1938 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე. 1923-1931 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკას.
1939 წელს ემსხვერპლა რეპრესიებს. დასაფლავების ადგილი უცნობია.
გრიგოლ წერეთლის ბიუსტის გახსნით, საფუძველი ჩაეყრება დიდების ხეივანში არაერთი ცნობილი უნივერსიტეტელის ბიუსტის აღმართვას.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსის ეზო.