“ევროპის ცენტრში დატრიალებული ტრაგედია ევროკავშირისთვის გაფრთხილებაა” – ერდოღანი

“უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, დროა, ევროკავშირმა თავისი განვითარების ახალი ისტორია დაწეროს. ბოლო წლებში ევროკავშირი შორდება დასახულ მიზნებს და ცალკეული სახელმწიფოების მოკლევადიანი ინტერესების გავლენის ქვეშ მოექცა”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

თურქეთის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შულმანის დეკლარაციის საფუძვლად არსებულ იდეებზე, კერძოდ, ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში წინააღმდეგობებისა და განსხვავებების თავიდან აცილებაზე, კონტინენტზე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ურთიერთინტეგრაციაზე.

ერდოღანის თქმით, დღეს ევროპის ცენტრში, მთელი მსოფლიოს თვალწინ, ტრაგედია ვითარდება, რაც ასევე გაფრთხილებაა ევროკავშირისთვის.

„თანამედროვე ევროპას, როგორც არასდროს, სჭირდება სოლიდარობა და თანამშრომლობა და, რაც მთავარია, გაბედული და კონცეპტუალური პოზიცია. დღეს თურქეთი არის არა მხოლოდ კანდიდატი და ნატო-ს წევრი ქვეყანა, არამედ – ძლიერი და მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კონტინენტზე გამოწვევების თავიდან აცილებაში“, – თქვა ერდოღანმა, რომლის სიტყვებს Anadolu ციტირებს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინის ომის უარყოფით შედეგებზე მთელი მსოფლიოსთვის.

მისი თქმით, არსებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირისთვის თურქეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

„დადგა დრო, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ საერთო მიზნებსა და საერთო ინტერესებზე, საერთო ღირებულებების დაცვაზე. მნიშვნელოვანია თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარება ყველა სფეროში, რაც ორივე მხარის ინტერესებშია“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, დაბრკოლების მიუხედავად, ანკარა კონსტრუქციულ პოზიციას ინარჩუნებს და აგრძელებს მოთმინებით, ასევე, მტკიცედ სვლას ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მიზნისკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები