ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიევის დახმარებას თავდაცვის კუთხით გააგრძელებს.
ამის შესახებ მან Welt-თან ინტერვიუში თქვა.
“9 მაისს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს და დავეხმარებით ქვეყანას თავდაცვის უფლების დაცვაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოსკოვი რეგულარულად იყენებს 9 მაისის ხსოვნის დღეს „დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატო-ს გასაკრიტიკებლად“.
სტოლტენბერგმა კატეგორიულად უარყო მოსკოვის ბრალდებები, რომ ალიანსი „აგრესიულად“ იქცევა.
„ნატო თავდაცვითი ალიანსია და მიმდინარე კრიზისი აჩვენებს, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატო-ში გაერთიანება მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ასევე, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებების დაცვის მიზნით“, – თქვა მან.