შალვა პაპუაშვილი: ვის ეპარება ეჭვი ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? – იმ ხალხს, რომლებმაც “ნაცმოძრაობიდან” საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს?
ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი? იმ ხალხს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს?, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მისი თანაგუნდელის, ნინო წილოსანის მიმართ წამოსულ კრიტიკას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდის მიზანია,წარმოაჩინონ, თითქოს, „ქართული ოცნება“ რუსული პროექტია.
“სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ პროპაგანდას, ისტერიას, რომლის ერთადერთი ინტერესი არის წარმოაჩინონ, თითქოს „ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი, ეს არის კინო, რომელსაც 10 წელია ვუყურებთ. ამ კინოს ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხალხმა წაართვა ძალაუფლება და უნდა, ეს ძალაუფლება დაიბრუნოს.
10 წელია, სხვა არაფერი აქვთ სალაპარაკო, გარდა იმისა, თითქოს, „ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი და ამას ცდილობენ ფრაზების ამოჭრით. ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი? იმ ხალხს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს? იმათ ეპარებათ ეჭვი ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? თუ იმ მედიის წარმომადგენლებს ეპარებათ ეჭვი, რომლებიც ომის მიმდინარეობის პერიოდში კი დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები? ეს არის სწორედ სამარცხვინო. მანიპულაცია სწორედ იმაში გამოიხატება, რომ არის მცდელობა კონტექსტიდან ამოგლეჯით და ადამიანების სიტყვებზე გამოჭერით. ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი მანიპულაცია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა თითქოს განაცხადა, რომ რუსეთისგან „თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას, ნამდვილად არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა“. ნინო წილოსანი ,,ფორმულას’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “მანიპულაციას” უწოდებს და უწყვეტი ვიდეოს გამოქვეყნებას ითხოვს.