კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული ფილმების ჩვენება ფილმით – „ანსოს ჯვრის თავგადასავალი“ დაიხურა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2021 წელს გადაღებული დოკუმენტურ/სამეცნიერო-პოპულარული ფილმების კვირეული ფილმით „ანსოს ჯვრის თავგადასავალი“ დაიხურა. კინოჩვენებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.
„ფილმი „ანსოს ჯვრის თავგადასავალი“ მოგვითხრობს საზოგადოებისათვის უცნობ ამბავზე ე.წ. „ანსოს ჯვრის“ საქართველოდან პარიზში მოგზაურობაზე. ისტორიული წყაროებით დადასტურებულია, რომ „ანსოს ჯვარი“ მეფე დავით აღმაშენებელს ეკუთვნოდა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი გახლავთ თამარ მახარაძე, ხოლო პროდიუსერი – ლევან მაჭარაშვილი.
სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული ფილმების ჩვენების კვირეული საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ინფორმაციისთვის, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გაიმარჯვა 5-მა პროექტმა:
„რა საიდუმლოს ინახავს თბილისი“, რეჟისორი – ქუცნა ამირეჯიბი, სცენარის ავტორი – მიხეილ აბრამიშვილი;
„არა ვინ და ლურჯი ცა“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – მაგდა გველესიანი (სადებიუტო ნამუშევარი);
„მუშკეტერის თბილისი“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – გიორგი ჭუმბურიძე;
„საქართველოს მეგალითები“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – ლევან ლომაშვილი;
„ანსოს ჯვრის თავგადასავალი“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – თამარ მახარაძე.
აღსანიშნავია, რომ მოცემული კონკურსი პირველად 2021 წელს ჩატარდა და, მიღებული შედეგის მიხედვით, გადაწყდა, რომ იდენტური კონკურსი 2022 წლის კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კვლავ ყოფილიყო გათვალისწინებული. კონკურსი მიზნად ისახავდა დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობას და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების წახალისებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.