უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის სწრაფად დასრულების ნიშნები არ არსებობს.
ამის შესახებ ზელენსკიმ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს არის 72-ე დღე სრულმასშტაბიანი ომისა და ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს. ჩვენ არ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მისი დასრულების სურვილს. ვერ ვხედავთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებებს იმ გამოწვევებისთვის, რომლის პროვოცირებაც რუსეთმა ამ ომით შეძლო.
24 თებერვლიდან არცერთი დღე არ ყოფილა, რომ არ გვქონოდა მოლაპარაკება იარაღის მოწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე და ა.შ. და არ ყოფილა არცერთი დღე, როდესაც ჩვენ არ გველაპარაკა უსაფრთხო გასასვლელზე და „მწვანე დერეფანზე“ მარიუპოლში ალყაში მოქცეული ადამიანებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან პრეზიდენტმა განმარტა, რომ უკრაინა ცდილობს რაც შეიძლება მალე მოიგოს ომი, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და დაიწყოს დანგრეული ქონების აღდგენა, კერძოდ, რუსეთისთვის ჩამორთმეული თანხებით.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს გლობალური შედეგები ექნება ბევრ სფეროში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები ასობით მილიონი ადამიანისათვის, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. ზელენსკის თქმით, რეგიონში ძირითადი საკვები პროდუქტების მიწოდების ტრადიციული ჯაჭვები შეფერხებულია.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მსოფლიო ლიდერები იწყებენ ომის გლობალური შედეგების გაცნობიერებას, თუმცა პირველ დღეებში მათ ჰქონდათ პესიმისტური მოლოდინები უკრაინის შესაძლებლობის შესახებ, მოეგერიებინა რუსული აგრესია.