“ტრამპი მექსიკაზე სარაკეტო იერიშის შესაძლებლობას სწავლობდა” – პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მექსიკაში ნარკოლაბორატორიებზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას სწავლობდა.
ამის შესახებ New York Times-ი პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელის, მარკ ესპერის მემუარებზე დაყრდნობით წერს.
თავდაცვის ყოფილი მდივნის მტკიცებით, 2020 წლის ზაფხულში, ტრამპმა მას, სულ მცირე, ორჯერ ჰკითხა, შეეძლო თუ არა აშშ-ის არმიას „მექსიკაზე სარაკეტო დარტყმის განხორციელება ნარკოლაბორატორიების განადგურების მიზნით“.
წიგნის ავტორის თქმით, ტრამპი უკიდურესად უკმაყოფილო იყო სამხრეთის საზღვრის გავლით, ნარკოტიკების შემოდინებით და განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიაზე სიტუაციას ვერ აკონტროლებს.
ესპერი იხსენებს, რომ ტრამპმა თქვა, “ჩვენ მხოლოდ რამდენიმე Patriot-ს გავუშვებთ, ვერავინ გაიგებს, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ”, ამის შემდეგ კი მან თქვა, რომ დარტყმის ფაქტს უარყოფდა.
ესპერი ამბობს, რომ ასეთ გეგმას ხუმრობად მიიღებდა, იმ მომენტში ტრამპის სახეში რომ არ შეეხედა.
New York Times–ის ინფორმაციით, ესპერის წიგნი, სახელწოდებით – „წმინდა ფიცი“, 10 მაისს გამოვა.