დიმიტრი ხუნდაძე: შემოთავაზება იყო, რომ სააკაშვილი გაგვესინჯა როგორც ექიმებს, მაგრამ განცხადება გაგვეკეთებინა, როგორც დეპუტატებს

შემოთავაზება იყო, რომ სააკაშვილი გაგვესინჯა როგორც ექიმებს, მაგრამ განცხადება გაგვეკეთებინა, როგორც დეპუტატებს. ანუ, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, საკუთარი ჯანმრთელობა დამძიმებულად წარმოაჩინოს და ზოგჯერ ამას მისი თანაგუნდელები ჭარბი პოლიტიკური შეძახილებით უწყობენ ხელს.

„ჩვენს ვიზიტს აზრი ეკარგება, რადგან სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის. შემოთავაზება იყო, რომ გაგვესინჯა როგორც ექიმებს, მაგრამ განცხადება გაგვეკეთებინა, როგორც დეპუტატებს. ანუ, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. როცა სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მე და დავით სერგეენკომ, ყოველგვარი მიპატიჟების გარეშე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ. გუშინ, ვიდრე სააკაშვილი განცხადებას გაავრცელებდა, რამდენიმე საათით ადრე, ამ საკითხით ვიყავით დაკავებულები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ. თუ როგორც ექიმი ვჭირდები, მოლოდინი გაქვთ, რომ ჩემს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, როცა პირადი ექიმისა და მის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

სააკაშვილი ხელის შემშლელია საკუთარი ჯანმრთელობის სწორად წარმართვის. მისი პოლიტიკური მიზანი უნდა შეიცვალოს და რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. მან საკუთარ ექიმებს უნდა დაუჯეროს და მოუსმინოს. მისი მიზანია, საკუთარი ჯანმრთელობა დამძიმებულად წარმოაჩინოს, ზოგჯერ ამას მისი თანაგუნდელები ჭარბი პოლიტიკური შეძახილებით ხელს უწყობენ. პროცესი პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს და თუ ყველას მიზანია, მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს, ეს ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები