პორტუგალიაში გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატიტით ოთხი ბავშვი დაინფიცირდა
პორტუგალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გენერალური დირექტორატი ბავშვებში გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტით ინფიცირების ოთხ შემთხვევაზე ფლობს ინფორმაციას.
ამის შესახებ გამოცემა Diario de Noticias-ი წერს.
უწყებაში აზუსტებენ, რომ “7 თვიდან – 8 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლინდა მწვავე ჰეპატიტის კლინიკური სურათი და ტარდება დამატებითი ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები“.
მათივე თქმით, ყველა პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, თუმცა, არცერთ მათგანს სერიოზული გართულება არ აღენიშნება.
თავის მხრივ, ჯანმო-ში აცხადებენ, რომ მსოფლიოში ამ გაურკვეველი ჰეპატიტის უკვე 228 შემთხვევა 20 ქვეყანაშია გამოვლენილი. კიდევ 50-ში დაფიქსირებული შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს, ერთი შემთხვევა ლეტალურია, 18-ში ღვიძლის გადანერგვა გახდა საჭირო.
როგორც ჯანმო-ს უფროსმა მკვლევარმა, ფილიპა ისტერბრუკმა განაცხადა, “ამ დროისთვის ცნობილია, რომ ამ ჰეპატიტის მიზეზი არ არის მწვავე ვირუსული ჰეპატიტები – A, B, C, D და E. კითხვარებიდან ასევე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ჰეპატიტი არ არის დაკავშირებული არცერთ გეოგრაფიულ არეალთან, კვებასთან, ცხოველებთან ან ტოქსინებთან. ასევე, გაუმართლებელია დაავადების დაკავშირება კორონავირუსის ვაქცინასთან, რადგან ბავშვების უმეტესობა არ იყო აცრილი”.