„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ – ლიტერატურული კონკურსი მეორედ გაიმართება

ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
„ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ მიზანია, ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.
ლიტერატურული კონკურსის ინსპირაცია გახდა ირაკლი შამათავას მიერ შედგენილი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნი „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“. ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებთ – ახალ თაობას ვესაუბროთ მშვიდობაზე და იმაზე რა იყო ომამდე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ საკუთარი ლიტერატურული ნამუშევარი აფხაზეთის თემაზე.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ნაწარმოები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეესაბამებოდეს კონკურსის თემას;
ტექსტის მახასიათებლები:
პროგრამა: MS Word, შრიფტი (Font) – Sylfaen ან მსგავსი, შრიფტის ზომა: 12. ნაშრომის მაქსიმალური მოცულობა: არაუმეტეს 1000 სიტყვისა;
ნამუშევრებთან ერთად აპლიკანტებმა უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა;
ნამუშევრები უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Culture@csya.ge;
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი
საკონკურსო განაცხადებიდან კონფიდენციალური ჟიური 10 კონკურსანტს შეარჩევს, რომელთა ვინაობაც 27 სექტემბერს გახდება ცნობილი. ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ, სადაც თანამედროვე ქართველ მწერლებთან ერთად ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.
იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნან ლიტერატურულ ნაწარმოებები, რომლებიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა. დასკვნითი ეტაპზე კი გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
ლიტერატურული კონკურსის პარტნიორები არიან: კავკასიის უნივერსიტეტი და გამომცემლობა „ინტელექტი““, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები