ჯანდაცვის მინისტრი: პანდემიის დროს ბევრი გამოწვევა დაგროვდა როგორც სხვა კლინიკებში, ასევე, რესპუბლიკურში, საჭიროდ ჩავთვალეთ, მენეჯმენტი განგვეახლებინა

პანდემიის პროცესში ბევრი გამოწვევა დაგროვდა როგორც სხვა კლინიკებში, ასევე, რესპუბლიკურში და საჭიროდ ჩავთვალეთ, მენეჯმენტი განგვეახლებინა, ახალი ხედვა და სისხლი ყოფილიყო კლინიკაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკების შემოწმებისას პრობლემები გამოავლინა როგორც აუდიტმა, ასევე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომაც.

“პრობლემები, რასაკვირველია, აუდიტის შემოწმების პროცესშიც გამოიკვეთა და ჩვენი რეგულირების სააგენტოც სწავლობდა. საქმე შეეხებოდა არამხოლოდ ფინანსებს, ასევე, ინფექციის კონტროლს. მოწმდებოდა მკურნალობის სწორად წარმართვის ხარისხი და, ამასთან, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად დაიხარჯა ფინანსური ხარჯები რაც ბიუჯეტიდან იქნა გაწეული,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა. ლევან გოფოძემ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა, პოსტი პირადი განაცხადის საფუძველზე დატოვა. თანამდებობაზე ასევე აღარ არიან დირექტორის მოადგილე, ჯავარა უგრეხელიძე და კლინიკური დირექტორი, ნოდარ ჩიმაკაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები