ეკა სეფაშვილი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას 

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ეს, რა თქმა უნდა, სპორტისა და განათლების სფეროების ერთობლივი ძალისხმევით ხდება,” – განაცხადა „ხალხის ძალის” საერთაშორისო ერთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის, „სასკოლო ლიგა” ფარგლებში გაწეული საქმიანობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა გაიმართა.  

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტთან დაკავშირებული აქტივობები ბალანსირებულად ერწყმოდეს ბავშვის ცხოვრებას.

„მადლობა ბატონო ოთარ [პროექტის „სასკოლო ლიგა” ხელმძღვანელი, ოთარ აბულაძე] ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინეთ, რადგან ის ეხება ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ეს, რა თქმა უნდა, სპორტისა და განათლების სფეროების ერთობლივი ძალისხმევით ხდება. შთამბეჭდავი ციფრების შესახებ მოვისმინეთ ინფორმაცია. თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, უფრო და უფრო მეტი მოსწავლე ერთვება ჯანსაღი ცხოვრების წესში. მადლობა მსურს გადავუხადო ბატონ გიორგი ჩაკვეტაძეს [„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი], რომელმაც სათავე დაუდო ამ ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ასაკში ბავშვები მიეჩვიონ გუნდურად თამაშს, გაწეული ძალისხმევის დაფასებას, მარცხის ღირსეულად ატანას, გამარჯვების ღირსეულად ზეიმს, ასევე ურთიერთთანამშრომლობას ამ პროცესში.

მნიშვნელოვანია, განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტთან დაკავშირებული აქტივობები ბალანსირებულად ერწყმოდეს ბავშვის ცხოვრებას. ვისურვებდი, რომ ამ აქტივობაში ჩართული იყოს საქართველოს ყველა სკოლა იმიტომ, რომ ეს უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ჯანმრთელობას, ეს არ ეხება მხოლოდ სპორტს, მხოლოდ გართობას და შეჯიბრებების მოწყობას.

საინტერესოა, გავეცნოთ სტრატეგიას, როგორ იგეგმება ეს ყოველივე ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლის გათვალისწინებით, თუ რასაკვირველია, გათვალისწინებულია ყველა სკოლა და თუ არა, მაშინ იქნებ ვიფიქროთ, რომ პროექტში ჩართული იყოს ყველა სკოლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლე. ერთია როცა პროფესიონალურად არის დაინტერესებული ბავშვი სპორტით, თუმცა მეორე მხრივ აუცილებელია, რაღაც დოზით, ბავშვი მისთვის საინტერესო სპორტულ აქტივობაში იყოს ჩართული.

აქვე აღვნიშნავ, კარგია, რომ ამ ყველაფერს უკეთებთ რეკლამირებას სოციალურ ქსელში. გასაგებია, რომ ჩვენი ბავშვები დღეს ზედმეტად არიან მიჯაჭვულები გაჯეტებზე, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ეს არის ის სივრცე, რითაც დღეს ახალგაზრდები ინტერესდებიან და მედია პლატფორმების გამოყენება მათი ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა პროექტთან დაკავშირებით მაქვს ერთი შენიშვნა – ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ამ აქტივობის შესახებ იქნება უფრო ფართო რეკლამირება ტელევიზიების საშუალებით. მე ამ პროექტს განვიხილავ, როგორც სოციალურ პროექტს და აქედან გამომდინარე, მის რეკლამირებას ფინანსები არ დასჭირდება. საქართველოს კანონმდებლობით სოციალური რეკლამა ტელევიზიებში არის უფასო და მოგიწოდებთ, რომ ეს შესაძლებლობა ფართოდ გამოიყენოთ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები