სომხეთის თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა კეთილმეზობლური ურთიერთობის, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. აღინიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია არსებითად ცვლის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. დღესვე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მანამდე, პაპიკიანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები