გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელ 37 ობიექტზე სამართალდარღვევები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთის, გურიის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში, პარკების მწარმოებელ 51 ობიექტზე მასშტაბური ინსპექტირება განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინსპექტირების შედეგად, 37 ობიექტზე სამართალდარღვევები გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, დალუქეს 3 529 675 ცალი და 23 378 კგ პარკი, 60 ცალი და 8036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1501 ცალი ტომარა.
„მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 472-ე დადგენილება „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებას პერმანენტულად ახორციელებს. მასშტაბური ინსპექტირების მიზანია პრევენცია, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, მაქსიმალურად შემცირდეს გარემოს დაბინძურება.
2019 წლის ივლისიდან, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა). ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამო პარკები დაილუქება და დაექვემდებარება კონფისკაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.