გიორგი გახარიას პარტია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „საქართველოსთვის“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

“დღეს მოვისმინე „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ერთგვარი ულტიმატუმი, რომ ამით გამოჩნდება ხართ თუ არა ნამდვილი ოპოზიციაო, ამ ენით ზოგადად კოლეგები ერთმანეთს არ ესაუბრებიან. როგორც გითხარით, საგამოძიებო კომისიის შექმნაში ჩვენი გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს.

საგამოძიებო კომისიას მხარს არ დავუჭერთ არაერთი არგუმენტის გამო. თუ „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობის ყოველი დღე არის ისეთი დამძიმებული, რომ ყოველი დღე გადამწყვეტია, მაშინ მისსავე ლოგიკას ეწინააღმდეგება, როდესაც ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან საგამოძიებო კომისიის მუშაობა ითვალისწინებს თვეობით მუშაობას. მაშინ გამოდის, რომ საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებიან. საგამოძიებო კომისია ამ შემთხვევაში არის სრულიად არარელევანტური”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა აზრს მოკლებულია, ვინაიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაშიც უმრავლესობა ფაქტობრივად „ოცნებას“ ექნება.

ანა ბუჩუკურმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი სააკაშვილის გარშემო არ უნდა ტრიალებდეს.

“მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბატონი სააკაშვილის საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს ბატონი სააკაშვილის გარშემო”, – აღნიშნა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა: ” სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ერთი ხმა გვაკლია, მივმართავ გახარიას, მონაწილეობა მიიღოს სიმართლის დადგენის პროცესში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები