თეა წულუკიანი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის – „მე, ფოიერბახი“ ჩვენებას დაესწრო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის – „მე, ფოიერბახი“ ჩვენებას დაესწრო.
„მე, ფოიერბახი“ თუმანიშვილის თეატრში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლის ფარგლებში დაიდგა. სპექტაკლი არის ტანკრედ დორსტის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორ გიორგი ქლაინის სადიპლომო ნამუშევარი.
პიესა მოგვითხრობს თეატრის მსახიობების შესახებ, რომლებიც გარდაისახებიან და თეატრის სცენიდან მაყურებელს სხვადასხვა პერსონაჟს წარუდგენენ, რომელთაც სხვადასხვა ისტორია აქვთ, მაგრამ ამ პერსონაჟების მიღმა არიან ნამდვილი ადამიანები თავისი ცხოვრებითა და ყოველდღიურობით.
პიესაში წარმოჩენილია ის, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც თეატრში მაყურებელი არ არის, მსახიობების ყოველდღიურობა და ის სირთულეები, რომელთა გადალახვაც უწევთ საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე. სპექტაკლის „მე, ფოიერბახი“ მხატვარი გახლავთ კატო გელაშვილი, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე, ხოლო მსახიობები: ზაალ გოგუაძე, ლაშა კონცელიძე და მარინა ბურდული.
ტანკრედ დორსტი ცნობილი გერმანელი დრამატურგია, რომელმაც თეატრში აქტიური მოღვაწეობა 60-იანი წლებიდან დაიწყო. დორსტი მიუნხენში ცხოვრობდა და მუშაობდა. მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ეჟენ იონესკოს, ჟან ჟიროდუსა და სემიუელ ბეკეტის პიესებმა. ცნობილ დრამატურგს 1990 წელს გეორგ ბიუხნერის პრემია მიენიჭა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.