უკრაინაში ომის “ოფიციალური” გამოცხადება – რას ამზადებს პუტინი 9 მაისისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს უკრაინას ომი შესაძლოა, “ოფიციალურად” გამოუცხადოს.

ასე ფიქრობენ ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირები, – წერს CNN-ი.

მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ 9 მაისს ომის გამოცხადება პუტინს სარეზერვო ძალების სრულად მობილიზების საშუალებას მისცემს.

როგორც CNN-ი წერს, “დასავლელი ოფიციალური პირები დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ პუტინი ამ დღის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ფასეულობას იყენებდა უკრაინაში სამხედრო მიღწევების, საომარი მოქმედებების მნიშვნელოვანი ესკალაციის ან ორივეს ერთად გამოცხადებისთვის”.

დღესდღეობით, რუსეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ “სპეციალური სამხედრო ოპერაციაა” “დენაციფიკაციის” მიზნით.

როგორც გასულ კვირას LBC Radio-სთან საუბარში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა თქვა, “ვფიქრობ, ის შეეცდება, გავიდეს “სპეციალური ოპერაციიდან”.

აღინიშნება, რომ 9 მაისს ომის ოფიციალურმა გამოცხადებამ შესაძლოა, გააძლიეროს რუსეთის მოქალაქეები და გაზარდოს უკრაინაში შეჭრის პოპულარობა.

9 მაისს გამოსაცხადებლად არსებობს სხვა ვარიანტებიც, კერძოდ, ლუგანსკის და დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია; სამხრეთით ოდესაზე თავდასხმის გააქტიურება ან მარიუპოლზე სრული კონტროლის გამოცხადება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ არსებობს „მიზეზები, ვივარაუდოთ, რომ რუსები ყველაფერს გააკეთებენ, რათა 9 მაისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენონ”.

„დარწმუნებული ვარ, 9 მაისისთვის მოსკოვიდან უფრო მეტს გავიგებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ უფრო მეტს გაიგებთ შეერთებული შტატებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის, ნატო-ს პარტნიორებისგან, ასევე, 9 მაისისთვის”, – დაასკვნა მან.

მანამდე, ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლუგანსკის და დონეცკის ანექსიას შეეცდება “სადღაც მაისის შუა რიცხვებში”. ასევე, არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი შესაძლოა, გეგმავდეს ხერსონში „სახალხო რესპუბლიკის“ გამოცხადებას და ანექსიას.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები