ზელენსკი: ლავროვმა ურცხვად განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები, თითქოს ებრაელებს შორის არიან – საკითხავია, დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში

In this image from video provided by the Ukrainian Presidential Press Office, Ukrainian President Volodymyr Zelenskyy speaks from Kyiv, Ukraine, early Saturday, March 18, 2022. (Ukrainian Presidential Press Office via AP)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ ისრაელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რუსეთის უმაღლეს დიპლომატს ნაცისტების დანაშაული ებრაელ ხალხზე გადააქვს.

„გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად და ურცხვად განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები, თითქოს ებრაელებს შორის არიან. თითქოსდა ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. როგორ შეიძლებოდა საერთოდ ასეთი რამის თქმა ნაციზმზე გამარჯვების წლისთავის წინა დღეს? ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის უმაღლეს დიპლომატს ნაცისტების დანაშაული ებრაელ ხალხზე გადააქვს. სიტყვები არ მაქვს. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების გამო დღეს დიდი სკანდალი იყო ისრაელში. თუმცა არავის ესმის მოსკოვიდან ამის საწინააღმდეგო განცხადებები ან თავის მართლება. იქ დუმან, ეს კი ნიშნავს, რომ ეთანხმებიან იმას, რაც მათმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა. კიევში, ბაბინ იარზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რუსული დაბომბვებისგან, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილი უბრალო ადამიანების სიკვდილის შემდეგ, მათი მინისტრის ანტისემიტური მიმართულება ნიშნავს, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის ყველა გაკვეთილი დაივიწყა, ან იქნებ მათ ეს გაკვეთილები არასოდეს უსწავლიათ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, სერგეი ლავროვის განცხადება შემთხვევითი არ არის.

„საკითხავია, დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში, მათი ახალი პოზიციის გაცნობის შემდეგ? დარჩება თუ არა რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში? იმიტომ, რომ ეს არ არის შემთხვევითი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – „ჰიტლერიზმის დიდი მცოდნის“ სიტყვები შემთხვევითი არ არის. შემთხვევით არ ქმნიან რუსი დამპყრობლები უკრაინულ მიწაზე ე.წ. „ფილტრაციულ ბანაკებს“, რომლებიდანაც გაჰყავთ ჩვენი ათასობით მოქალაქე. სადაც კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ ჩვენს ხალხს. ამის გასაკეთებლად საბოლოოდ უნდა გადააგდო მორალი და ნაციზმზე გამარჯვების მიღწევები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, იტალიური ტელეკომპანია Mediaset-ის გადაცემაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ჩართვისას, წამყვანი დაინტერესდა, როგორი თანხვედრა შეიძლება, იყოს რუსეთის პრეტენზიებში, რომ “უკრაინის რეჟიმს ნაცისტური ბუნება აქვს”, იმ ფაქტთან, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა თქვა: “ზელენსკი ებრაელია? ჰიტლერიც იყო ებრაელი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები