„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერებში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ჩარჩენილი
მარიუპოლში უკრაინელი მებრძოლი აცხადებს, რომ მიუხედავად გაეროს მიერ საევაკუაციო ოპერაციისა, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ბუნკერებში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ჩარჩენილი.
ამის შესახებ უკრაინის „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა Reuters-თან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ მებრძოლებს უზარმაზარი სამრეწველო კომპლექსის ბუნკერებში ჩარჩენილი ადამიანების ხმა ესმოდათ.
მისი თქმით, ისინი იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, მაგრამ იქ უკრაინულ ძალებს ნანგრევების გასატანად საჭირო მექანიზებული აღჭურვილობა არ გააჩნიათ.
„ჩვენ ვგეგმავდით ბუნკერების შესასვლელის დანგრევას, რომელიც ბლოკირებულია, მაგრამ არტილერია მთელი ღამე ისროდა. დღეს მთელი დღე ავიაცია მუშაობს, ბომბებს ისვრიან“, – განაცხადა პალამარმა.