„რუსეთი უნდა შევაჩეროთ“ – ლავროვის ანტისემიტურ თავდასხმებს უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ უკრაინის პრეზიდენტისა და ებრაელი ხალხის მიმართ ანტისემიტური თავდასხმები.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ ლავროვმა, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დააყენა არა მხოლოდ უკრაინელი ერის, არამედ – ჰოლოკოსტის არსებობაც.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ლავროვმა განზრახ შეურაცხყო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ხელით დაღუპული მილიონობით ებრაელის ხსოვნა.
„რუსული ელიტის ღრმად დამკვიდრებული ანტისემიტიზმი, აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ პუტინის რუსეთი მიზანმიმართულად ავითარებს რუსეთის „უპირატესობას“ და სხვა ხალხების სიძულვილს. ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ რუსეთი ახლავე, სანამ მის აგრესიულ პოლიტიკას კიდევ უფრო კატასტროფული შედეგები მოჰყვება,” – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ.
როგორც აღინიშნა, ისრაელის მთავრობამ ლავროვის განცხადებებს “საშინელი ისტორიული შეცდომა” უკვე უწოდა.
„სოლიდარობას ვუცხადებთ ებრაელ ხალხს. მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობას, გადამწყვეტი პასუხი გასცეს რუსეთის ფედერაციას: მოხდეს მისი კიდევ უფრო იზოლირება; რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესება, რაც რუსულ სამხედრო მანქანას ფინანსურ რესურსებს წაართმევს; გაზარდონ უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, რომლის ხალხი ამჟამად გმირულად ეწინააღმდეგება რუსეთის ბოროტებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ბარბაროსული აგრესიის “გამართლებისას უკვე ძალიან ღრმად არის ჩაფლული სისულელეებში”.