ირაკლი ბერაია ფინეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მატიას მარტინენს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობების გაღრმავებასა და უსაფრთხოების მიმართულებებზე თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„ფინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ ინტეგრაციას უჭერს მხარს და ჩვენ ამ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაფართოებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომსა და იმ კომპლექსურ გარემოზე ვისაუბრეთ, რასაც ადგილი აქვს ჩვენს რეგიონში და ეს შეეხება როგორც კონვენციურ, ასევე, ჰიბრიდულ საფრთხეებს. ფინელ კოლეგებთან საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და გაძლიერებაზე ვისაუბრეთ და განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების სფეროზე გავამახვილეთ, რადგან ფინეთი, უსაფრთხოების გარემოს გაუარესების გამო, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს და ამ კუთხით, საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

შეხვედრაზე ჩვენ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, რადგან ფინეთს, ამ მიმართულებით, კარგი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ორივე მხარე მივესალმეთ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა ფინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის საკითხებიც განიხილეს, რაც ქართულ მხარეს ფინეთის გამოცდილების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები