რუსული “ტინკოვ ბანკის”-ის დამფუძნებელმა, ოლეგ ტინკოვმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა საჯაროდ დაგმო, იძულებული გახდა, ბანკის 35%-იანი წილი “კაპიკებში” გაეყიდა.
ამის შესახებ მან New York Times-თან ინტერვიუში თქვა.
მისი თქმით, 20 აპრილს, “ინსტაგრამში” ომის საწინააღმდეგო პოსტის გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები Tinkoff Bank-ის მენეჯმენტს დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ტინკოვი ბანკთან კავშირს არ გაწყვეტს და არ გაყიდის თავის წილს, საფინანსო დაწესებულების ნაციონალიზაცია მოხდებოდა.
“ეს იყო სასოწარკვეთილი გაყიდვა კრემლის მიერ დაწესებული ფასდაკლებით. ვაჭრობა არ შემეძლო. ეს არის მძევლის მდგომარეობა – იღებ იმას, რასაც გთავაზობენ. მოლაპარაკება არ შემეძლო”, – თქვა ბიზნესმენმა.
ტინკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა მას შეძენილი წილის რეალური ღირებულების მხოლოდ 3% გადაუხადა.
54 წლის ტინკოვი The New York Times-ს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საკუთარი ადგილმდებარეობა არ დაუსახელებია. ბიზნესმენმა თქვა, რომ მცველები დაიქირავა მას შემდეგ, რაც რუსეთის უსაფრთხოების ძალებში მეგობრებმა გააფრთხილეს, რომ მის სიცოცხლეს შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეს.
ჟურნალისტთან საუბარში ტინკოვმა გაიხუმრა, რომ “მიუხედავად იმისა, რომ სასიკვდილო ლეიკემიას ვებრძვი, შესაძლოა, კრემლმა მომკლას”.
მისი თქმით, რუსეთის საქმიანი და პოლიტიკური ელიტიდან მისი ბევრი მეგობარი და ნაცნობი უკრაინასთან დაკავშირებით მის პოზიციასთან არის სოლიდარული, თუმცა, ყველა დუმს, რადგან „ყველას ეშინია“.
New York Times-ი აღნიშნავს, რომ 2021 წლის ნოემბერში ოლეგ ტინკოვის ქონება 9 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან რუს მსხვილ ბიზნესმენთაგან, ვინც წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია. მან თავისი ქონება ენერგეტიკისა და სამთო მრეწველობის მიღმა მოიპოვა, რომლებიც რუსული ოლიგარქიის „სათამაშო მოედნად“ იქცა.
რაც შეეხება “ინსტაგრამის” პოსტს, ტინკოვმა დაწერა:”მე ვერ ვხედავ ამ გიჟური ომის ვერცერთ ბენეფიციარს! უდანაშაულო ხალხი და ჯარისკაცები იღუპებიან. ნაბახუსევზე გაღვიძებული გენერლები გააცნობიერეს, რომ მათი არმია განავალია. და საიდან უნდა იყოს კარგი არმია, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი დანარჩენია განავალი, ნეპოტიზმსა და მონობაშია ჩაფლული”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge