სალომე ზურაბიშვილი: ყველამ კარგად იცის, რომ დღეს უკრაინაა პრიორიტეტული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო და მოლდოვა არ უნდა იყვნენ სერიოზული ყურადღების ქვეშ
ჩემი გზავნილი კონგრესმენებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი – ყველა ჩართული არის და ყველამ კარგად იცის, რომ დღეს უკრაინაა პრიორიტეტული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო და მოლდოვა არ უნდა იყვნენ სერიოზული ყურადღების ქვეშ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკელ კონგრესმენებთან საუბარი სავარაუდო სცენარებსაც შეეხო.
“გუშინ იქნა მიღებული “საქართველოს მხარდამჭერი აქტი”, რომელიც ჩვენ პარტნიორობას კიდევ უფრო ამხნევებს, აძლიერებს და აღრმავებს. ამ მომენტში ჩემი გზავნილი კონგრესმენებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი – რომ იმ დროს, როდესაც ამერიკა დგას უკრაინის გვერდით და ჩვენც ვართ სრულიად სოლიდარულები უკრაინის მიმართ, ამ მომენტში, საქართველოსა და მოლდოვას საკითხიც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ თავისი ყურადღება არ შეანელოს საქართველო მიმართ. ყველა ჩართული არის და ყველამ კარგად იცის, რომ დღეს უკრაინაა პრიორიტეტული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო და მოლდოვა არ უნდა იყვნენ სერიოზული ყურადღების ქვეშ.
იყო საუბარი სხვადასხვა სცენარზე, მაგრამ მე არ გამოვიყენებდი სიტყვას “მოსალოდნელ საფრთხეს”. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ რომ რაიმე პანიკა დაითესოს ამ სცენარების ქვეშ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.