უკრაინასა და სხვა ქვეყნებში მძიმე იარაღის მიწოდების ტენდენცია კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ “დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინაში მიმდინარე აგრესიის განმეორების შესაძლებლობა გამოირიცხოს”. მინისტრის თქმით, ამისთვის ძირითადი ამოცანებია “თავდაცვისთვის ასიგნებების გაზრდა; დასავლური ბაზრებიდან რუსეთის განდევნის მიზნით, ყველა არსებული ეკონომიკური ბერკეტის გამოყენება; არა მხოლოდ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განვითარება, არამედ – ისეთი ქვეყნებისაც, რომლებსაც შესაძლოა, რუსეთის სამხედრო აგრესია დაემუქროს, როგორებიცაა მოლდოვა და საქართველო”.
პესკოვის თქმით კი, “უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის იარაღის, მათ შორის, მძიმე იარაღის მიწოდების ტენდენცია არის ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, იწვევს არასტაბილურობას“.