“უნდა გავზარდოთ საქართველოს და მოლდოვის თავდაცვისუნარიანობა – ქვეყნების, რომლებსაც შესაძლოა, რუსეთის აგრესია დაემუქროს” – ლიზ ტრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი აცხადებს, რომ საჭიროა რუსული ჯარების განდევნა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის, ყირიმიდან.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება მთელი დასავლეთისთვის სტრატეგიული პრინციპია.

ამის შესახებ მან ლონდონში, ლორდ-მერის რეზიდენციაში გამოსვლისას განაცხადა, – წერს BBC.

მინისტრის თქმით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უკრაინაში მიმდინარე აგრესიის განმეორების შესაძლებლობა გამოირიცხოს.

“ძირითადი ამოცანებია: თავდაცვისთვის ასიგნებების გაზრდა; დასავლური ბაზრებიდან რუსეთის განდევნის მიზნით, ყველა არსებული ეკონომიკური ბერკეტის გამოყენება; არა მხოლოდ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განვითარება, არამედ – ისეთი ქვეყნების, რომლებსაც შესაძლოა, რუსეთის სამხედრო აგრესია დაემუქროს, როგორებიცაა მოლდოვა და საქართველო”, – თქვა ბრიტანელმა მინისტრმა.

ასევე, ტრასის თქმით, თუ შვედეთი ან ფინეთი გადაწყვეტენ ნატო-ში გაწევრიანებას, მათი მიღება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

მან უკრაინის ომს “საყოველთაო ომი” უწოდა. ამ კუთხით, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაზარდონ იარაღის წარმოება და უკრაინის გაორმაგებული მხარდაჭერა.

„თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ ტანჯვას მთელი ევროპისთვის და საშინელ შედეგებს მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ აღარასდროს ვიგრძნობთ თავს დაცულად“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები