„სავარაუდოდ, 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას იმ ბავშვებისთვის დავუშვებთ, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გართულებების მაღალი რისკი აქვთ“
სავარაუდოდ, ავირჩევთ იმ გზას, რაც ბევრმა ქვეყანამ აირჩია: 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას იმ ბავშვებისთვის დავუშვებთ, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გართულებების მაღალი რისკი აქვთ, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც თანდაყოლილი ანომალიები, ნერვული სისტემის დაზიანება ან ქრონიკული პათოლოგიები აქვთ. ჩხაიძის განმარტებით, მათთვის კორონავირუსის ნებისმიერი მუტაცია შესაძლოა, მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.
„რაც შეეხება ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას: ჩვენთან ეს 12 წლის ზემოთ დაშვებულია. შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, სადაც ეს საკითხი უნდა იყოს განხილული, 5-დან 12 წლამდე ასაკია. ამ ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. შესაძლებელია, იმუნიზაციის საბჭოს მომდევნო სხდომებზე ეს საკითხი განხილული იყოს. ჩვენ ამაზე წინასწარი მსჯელობა გვქონდა. სავარაუდოდ, ავირჩევთ იმ გზას, რაც ბევრმა ქვეყანამ აირჩია, 5-დან 12 წლამდე ასაკში ვაქცინაციას იმ ბავშვებისთვის დავუშვებთ, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გართულებების მაღალი რისკი აქვთ. ესენი არიან ბავშვები თანდაყოლილი ანომალიებით, ნერვული სისტემის დაზიანებით, ქრონიკული პათოლოგიებით. მათთვის კორონავირუსის ნებისმიერი მუტაცია შესაძლოა, მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. ამიტომ, 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ამ ვაქცინის რეკომენდება შესაძლებელია მხოლოდ ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის. დღეს საქართველოში ეს ვაქცინა არაა. ამ ვაქცინას თავისი, დამზადების და გამოშვების ტექნოლოგია აქვს. ეს ე.წ. ნარინჯისფერი ვაქცინაა. ნარინჯისფერი სახურავი აქვს და ამიტომ ასე ეძახიან. საქართველო ამ ვაქცინების შემოტანას განიხილავს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.