ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტები, რომლებსაც ყირიმ-კონგო დაუდასტურდათ, თავს ნორმალურად გრძნობენ და, დაახლოებით, 1 კვირაში გამოწერენ
სამცხე-ჯავახეთში არავითარი ყირიმ-კონგოს ეპიდაფეთქება არ არის, ეს ჩვეულებრივი შემთხვევებია, რომლებიც გასულ წლებშიც გვქონდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყირიმ-კონგოთი ინფიცირებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გამოწერენ.
“ეს უკვე ენდემურად გადაქცეული ინფექციაა და ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 შემთხვევა გვაქვს. იმ სამი პაციენტის შემთხვევაში, რომელიც სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა, ისინი თავს ნორმალურად გრძნობენ, ვფიქრობთ, დაახლოებით, ერთ კვირაში გამოჯანმრთელდებიან და გამოწერენ. არავითარი ეპიდაფეთქება არ არის, ეს ჩვეულებრივი შემთხვევებია, რომლებიც გასულ წლებშიც გვქონდა”, – აღნიშნა აზარაშვილმა.