„მნიშვნელოვანია, ახალბედა მძღოლებს თავიდანვე ჰქონდეთ ის უნარ-ჩვევები, რაც ავარიების რისკებს შეამცირებს“ – გელა კვაშილავა მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარებაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალბედა მძღოლებს თავიდანვე ჰქონდეთ ის უნარ-ჩვევები, რაც გზებზე ავარიების რისკებს შეამცირებს, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტმა, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კვაშილავა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების წესის ამოქმედებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი რეგულაცია ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ავარიების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

„ეს ცვლილება უკვე დიდი ხანია, მზადდებოდა. ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება მოხდეს. ყველა ქვეყანაში თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკული გამოცდაცაა. ამ კანონმდებლობის მიღება ჩვენთანაც მოხდა და ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 35 % ახალბედა მძღოლების მიერაა გამოწვეული. ფაქტია, რომ ის თეორიული ნაწილი უსაფრთხოების კუთხით არსებულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. როცა გზებზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ინფრასტრუქტურა რაც  უნდა მოეწყოს, ავტომანქანის უსაფრთხოება რაც უნდა გაიზარდოს, მთავარი მაინც ადამიანური ფაქტორია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკული გამოცდა სრულად ამოქმედდეს და დაცულები იყვნენ როგორც ის მძღოლები, რომლებიც მომავალში მართვის მოწმობას აიღებენ, ასევე, სხვა ადამიანებიც, ქვეყანაში უფრო მეტი უსაფრთხოების ხარისხი გვქონდეს.

ეს სიახლე არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ავარიების რაოდენობა შემცირდეს. თუმცა, სხვა ფაქტორებიც არსებობს: ავტომანქანების უსაფრთხოება, გზების, ინფრასტურქტურის მოწყობა. როცა საგზაო მოძრაობაზე ვსაუბრობთ, ყველა ეს ელემენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანური ფაქტორი ერთ-ერთი მთავარია. დღეის მონაცემებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალბედა მძღოლებს თავიდანვე ჰქონდეთ ის უნარ-ჩვევები, რაც გზებზე ავარიების რისკებს შეამცირებს. სხვა ქვეყნების გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მართვის მოწმობის სისტემა დაიხვეწოს“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.

მისივე თქმით, ავტოსკოლების მიმართ გარკვეული მოთხოვნები უნდა დაინერგოს.

„ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ მიმართულებით, ალბათ, ავტოსკოლების დონეც დაიხვეწება. უკვე მოთხოვნა გაჩნდა. ეს სკოლებს შორის გარკვეულ კონკურენციას გამოიწვევს. მე, როგორც მომხმარებელი, დაცული უნდა ვიყო. საქართველოში, დაახლოებით, 1 300-1 400 ავტოსკოლაა. აქედან სერტიფიცირებული სულ რამდენიმე ასულია. უნდა შეიქმნას ავტოსკოლების ერთიანი ბაზა, შემდეგ გარკვეული, მინიმალური მოთხოვნები უნდა დაინერგოს, ამ სკოლებს ქულებიც უნდა მიენიჭოს. როცა მომავალი მძღოლები გამოცდაზე გავლენ, იქ მითითებული უნდა იყოს, რომელი სკოლა გაიარეს, რათა ამ ყველაფრის ერთად შეკვრა მოხდეს. არაკეთილსინდისიერი სკოლები სისტემიდან უნდა გაიცხრილონ“, – განაცხადა კვაშილავამ.

ცნობისთვის, B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარდება.

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ. თუმცა ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი“ – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს.

„ამასთანავე, დაინტერესებული პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა. ასევე, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე, 15 წუთით ადრე“, – აცხადებენ უწყებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები