კულტურის სამინისტრო მისი მხარდაჭერით 2021 წელს გადაღებული დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ჩვენებას იწყებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მისი მხარდაჭერით 2021 წელს გადაღებული დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ჩვენებას იწყებს. – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ მოცემული კონკურსი პირველად 2021 წელს ჩატარდა და, მიღებული შედეგის მიხედვით, გადაწყდა, რომ იდენტური კონკურსი 2022 წლის კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კვლავ ყოფილიყო გათვალისწინებული.
2021 წელს გადაღებული ფილმების ჩვენება, მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება. პირველი ფილმის – „რა საიდუმლოს ინახავს თბილისი“ (რეჟისორი – ქუცნა ამირეჯიბი, სცენარის ავტორი – მიხეილ აბრამიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი) ჩვენება დღეს გაიმართა და მას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფილმი ეძღვნება ცნობილი არქეოლოგის, როსტომ აბრამიშვილის ხსოვნას და ასახავს მის მიერ დაწყებული და მიხეილ აბრამიშვილის მიერ გაგრძელებულ სამეცნიერო-არქეოლოგიურ აღმოჩენებს თანამედროვე თბილისის ტერიტორიაზე. როსტომ აბრამიშვილის სახელს უკავშირდება თბილისის არქეოლოგიური მუზეუმ-საცავის დაარსებაც.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გაიმარჯვა 5-მა პროექტმა: „რა საიდუმლოს ინახავს თბილისი“, რეჟისორი – ქუცნა ამირეჯიბი, სცენარის ავტორი – მიხეილ აბრამიშვილი;
„არა ვინ და ლურჯი ცა“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – მაგდა გველესიანი (სადებიუტო ნამუშევარი); „მუშკეტერის თბილისი“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – გიორგი ჭუმბურიძე;
„საქართველოს მეგალითები“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – ლევან ლომაშვილი;
„ანსოს ჯვრის თავგადასავალი“, რეჟისორი და სცენარის ავტორი – თამარ მახარაძე.
კონკურსი მიზნად ისახავდა დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობას და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების წახალისებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები