პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ხუთ პირს სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 24 აპრილს, ქ. სენაკში, გ.წ., ლ.ბ., გ.ჭ., გ.გ., და ა.კ. თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ.ს.-ს და მას იმ მოტივით, რომ პოლიციელი იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქართველოს პროკურატურამ ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები