აფეთქება სამხედრო ნაწილში – დნესტრისპირეთში კიდევ ერთ თავდასხმაზე განაცხადეს
არაღიარებულ დნესტრისპირეთში აცხადებენ, რომ მათ ტერიტორიაზე მესამე თავდასხმა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის, ვადიმ კრასნოსელსკის პრესსამსახური ავრცელებს.
კრასნოსელსკიმ ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა, სადაც “რესპუბლიკის ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ტერორისტული თავდასხმები” განიხილებოდა.
ჩამოთვლილ “თავდასხმებს” შორის იყო უკვე ცნობილი: თავდასხმა ტირასპოლში “სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს” შენობაზე და სოფელ მაიაკთან ტელერადიო ცენტრის კოშკის აფეთქება.
გარდა ამისა, “დაფიქსირდა თავდასხმა სოფელ პარკანის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილზე”.
„უშიშროების საბჭოს წევრებმა საფრთხის დონე კრიტიკულად შეაფასეს. მიღებულ იქნა ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის „წითელი“ დონის შემოღების შესახებ, რაც დამატებითი ზომების მიღებას ითვალისწინებს“, – აცხადებენ კრასნოსელსკის პრესსამსახურში.
25 აპრილს უცნობმა პირებმა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.
დღეს კი, როგორც ე.წ. შსს-ში აცხადებენ, დნესტრისპირეთის სოფელ მაიაკში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რადიოცენტრის ორი უძლიერესი ანტენა დაზიანდა, რომელიც რუსულ რადიოს გადასცემდა. ცენტრის თანამშრომლები და სოფლის მცხოვრებლები არ დაშავებულან.
მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროში აცხადებენ, რომ ტირასპოლში მომხდარი აფეთქებები “დნესტრისპირეთის რეგიონში დაძაბულობის შექმნის საბაბია”.
დნესტრისპირეთში აფეთქებების გამო, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, რომლის დასრულების შემდეგ სანდუ პრესკონფერენციას გამართავს.