დნესტრისპირეთში ვითარების გამწვავება – მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია
არაღიარებულ დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ „უშიშროების უმაღლესი საბჭო 13:00 საათზე შეიკრიბება. შეხვედრის შემდეგ, 15:00 საათზე პრეზიდენტი მაია სანდუ პრესკონფერენციას გამართავს”.
25 აპრილს უცნობმა პირებმა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.
დღეს კი, როგორც ე.წ. შსს-ში აცხადებენ, დნესტრისპირეთის სოფელ მაიაკში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რადიოცენტრის ორი უძლიერესი ანტენა დაზიანდა, რომელიც რუსულ რადიოს გადასცემდა. ცენტრის თანამშრომლები და სოფლის მცხოვრებლები არ დაშავებულან.
მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროში აცხადებენ, რომ ტირასპოლში მომხდარი აფეთქებები “დნესტრისპირეთის რეგიონში დაძაბულობის შექმნის საბაბია”.