მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროში აცხადებენ, რომ ტირასპოლში 25 აპრილს მომხდარი აფეთქება “დნესტრისპირეთის რეგიონში დაძაბულობის შექმნის საბაბია”.
ამის შესახებ Newsmaker წერს.
„ინციდენტის მიზანია დნესტრისპირეთის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში ვითარების გამწვავების საბაბი, რომელსაც საკონსტიტუციო ხელისუფლება არ აკონტროლებს. ამ კონტექსტში, რეინტეგრაციის ბიურო სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად ვითარების მონიტორინგს განაგრძობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
25 აპრილს უცნობმა პირებმა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.
დღეს კი, როგორც ე.წ. შსს-ში აცხადებენ, დნესტრისპირეთის სოფელ მაიაკში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რადიოცენტრის ორი უძლიერესი ანტენა დაზიანდა, რომელიც რუსულ რადიოს გადასცემდა. ცენტრის თანამშრომლები და სოფლის მცხოვრებლები არ დაშავებულან.