ზელენსკი: უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა – რუსეთმა აჩვენა, რა შეუძლია მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას

რუსეთმა აჩვენა, ნამდვილად რისი მოტანა სურს და შეუძლია ევროპაში. რა შეუძლია მას მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას, ყველა იმ ქალაქსა და ქვეყანას, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები დიდი ხანია ღიად ასახელებენ მოსკოვის სავარაუდო მტრებად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლის ნამდვილი სიმბოლოა.

„დღეს დაიწყო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ომის მესამე თვე. რუსეთ-უკრაინის ომი. მესამე თვე!

24 თებერვალს მსოფლიოს უმეტესობას არც კი სჯეროდა, რომ ერთ კვირაზე მეტს გავუძლებდით. ვიღაცამ თქვა – სამი დღე. ერთი თვის წინ ჯერ კიდევ უნდა დაგვერწმუნებინა სხვადასხვა ქვეყანა, რომ უკრაინაზე ფსონი მომგებიანია. ახლა კი… ახლა ყველამ იცის.

ჩვენი დამცველების სიმამაცის, სიბრძნის წყალობით, ყველა უკრაინელი მამაკაცის, ყველა უკრაინელი ქალის სიმამაცის წყალობით, ჩვენი სახელმწიფო არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნამდვილი სიმბოლო. მსოფლიოში ყველა – და თუნდაც ის, ვინც ღიად არ გვიჭერს მხარს – თანხმდება, რომ სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის ბედი, გლობალური უსაფრთხოების ბედი, დემოკრატიული სისტემის ბედი. და უპირველეს ყოვლისა, წყდება, როგორი იქნება ცხოვრება ჩვენი კონტინენტის ცენტრში და აღმოსავლეთში და იქნება თუ არა სიცოცხლე საერთოდ.

ბუჩა, ბოროდიანკა, ჰოსტომელი, ოხტირკა, ჩერნიჰივი და სუმი, იზიუმი, ხარკოვი, ვოლნოვახა, ზოლოტე, სევეროდონეცკი, რუბიჟნე, პოპასნა და მარიუპოლი… რაკეტები მიმართულია ოდესასა და კრამატორსკზე, ჟიტომირზე, ლვოვზე, კრემენჩუკსა და კრივში… უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში რუსეთმა აჩვენა, ნამდვილად რისი მოტანა სურს და შეუძლია ევროპაში. რა შეუძლია მას მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას, ყველა იმ ქალაქსა და ქვეყანას, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები დიდი ხანია ღიად ასახელებენ მოსკოვის სავარაუდო მტრებად.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევა მრავალი მიმართულებით დაიწყო. სარაკეტო დარტყმები, საჰაერო თავდასხმები, არტილერია, ტანკები – ყველაფერი! რუსეთის ჯარებმა არაფერი დაიშურეს, არავითარი საშუალება, რომ დაგვხოცონ, უკრაინელები დახოცონ და ჩვენი მიწა გაანადგურონ.

ორ თვეში მათ ჩვენ წინააღმდეგ 1 100-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, უთვალავი ბომბი და არტილერია. აწამეს, ძარცვავდნენ, სიკვდილით დასაჯეს. მათ ჩვენი მიწა დანაღმეს. მშვიდობიანი ქალაქები და სოფლები ჯოჯოხეთად აქციეს. უკრაინის ზოგიერთი ქალაქი და თემი მთლიანად განადგურდა, მაგრამ მათ ვერაფერს მიაღწიეს და ვერ მიაღწევენ.

ხერსონი, კახოვკა, მელიტოპოლი, დნიპროუდნი, ენერჰოდარი და ჩვენი სხვა ქალაქები, სადაც რუსი ოკუპანტები დროებით შევიდნენ, მათ არ დაემორჩილნენ. ხალხმა თავისი პროტესტით აჩვენა თავისი დამოკიდებულება ოკუპანტების მიმართ, აჩვენა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები