ახალაიას ადვოკატი: აბსოლუტურად ვეთანხმები გაეროს, რომ ყველა საქმე გამოძიებული უნდა იყოს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატი საქართველოს მიმართ გაეროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იძულებითი გაუჩინარების, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენების, უკანონო დაკავებების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქონების დაზიანებისა და ჩამორთმევის ფაქტების დამოუკიდებლად და ობიექტურად გამოძიება, რათა სახელმწიფომ მის იურისდიქციაში მყოფი დამნაშავენი, განსაკუთრებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი პირები, პასუხისგებაში მისცეს და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დაისაჯონ, დაზარალებულებს კი სათანადო დახმარება გაეწიოთ, მათ შორის, კომპენსაციის სახითაც.
გაეროს აღნიშნულ რეკომენდაცია, რომ ყველა საქმე უნდა იქნას გამოძიებული, ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონაიანი სრულიად ეთანხმება. იურისტის განცხადებით, ის, რაც საქართველოში ხდება, არის პოლიტიკური დევნა, თუმცა მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია.
ადვოკატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაულებრივი საქმეების გამოძიება პიროვნებებიდან გამომდინარე დაიწყო და არა საქმის კონკრეტული მასალებიდან. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაჩო ახალაია მის წინააღმდეგ წაყენებული უმრავლესი ბარალისგან გათავისუფლდა, თუმცა, ამასთან, ონიანის თქმით, ხელისუფლებას რომ კონკრეტული ფაქტები გამოეძიებინა, გარკვეული პირებისთვის საჭირო გახდებოდა ბრალის წაყენება, მაგრამ პასუხისგებაში მიცემისთვის აუცილებელი მტკიცებულებები მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების წინააღმდეგ არ აღმოჩნდებოდა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მთავრობას მათივე გუნდის წევრებში ჩახედვაც მოუწევდათ.
„რაც საქართველოში ხდება, ეს არის პოლიტიკური დევნა. პოლიტიკური დევნა არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია. პოლიტიკური დევნაა, როდესაც ორმა ადამიანმა ჩაიდინა ერთი და იგივე დანაშაული და ადამიანი, რომელიც შენს გუნდში დარჩა, გადმოპორტირდა, ეპატიება იმის გამო, რომ შენი მხარდამჭერია და შენი გუნდის პოზიციას წარმოადგენს, ხოლო მეორე ადმიანი, რომელიც შენ პოლიტიკურად გეწინააღმდეგება, იმ ადამიანს აძლევს პასუხისგებაში. ესეც პოლიტიკური დევნაა. ეს არის შერჩევითი სამართალი, რომელიც დღეს ცალსახაა. ის, რომ შიხიაშვილის მიმართ დღეს არავის არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნია, მაშინ როდესაც იგივე საქმეზე სხვა ადამიანების მიმართ პრეტენზიები აქვთ, ესეც პოლიტიკური დევნაა.
ვეთანხმები გაეროს ანგარიშს, რომ ყველა საქმე უნდა გამოძიებულიყო. 2012 წელს იყო ამის რელური შესაძლებლობა, ხელისუფლებას რომ ნება გამოეჩინა, რეალურად საქმეები გამოეძიებინა და არ გამოსულიყო პიროვნებებიდან, ანუ პიროვნებების მიხედვით კი არა დაეწყოთ საქმეების გამოძიება, არამედ ფაქტებზე დაეწყო საქმეების გამოძიება, რის შემდეგაც, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, ვინც იქნებოდა პასუხისმგებელი დანაშაულზე, ის პირი მიეცათ პასუხისგებაში. ამის რეალური შესაძლებლობა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია სხვა გზა – ჩემიანია, – ეპატიება. ჩემიანი არ არის, არ ეპატიება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბაჩო ახალაია, ვისზეც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებია, უმრავლეს საქმეში გამართლებულია. აქედან გამომდინარე, მე კი არა, პროკურატურამაც თავი უნდა შეიკავოს, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება და 11 სისხლის სამართლებრივი საქმე საკმარისი არის იმისთვის, რომ ადამიანს უბრალოდ თუნდაც ტალახი აღარ ესროლო, მაგრამ მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე არ ვსაუბრობ, კონკრეტულად ფაქტები რომ გამოეძიათ, შეიძლება ყოფილიყო მტკიცებულებები და პირებისთვის ყოფილიყო ბრალი წასაყენებელი, მაგრამ დამერწმუნეთ, არ აღმოჩნდებოდა ისე, რომ ამ ფაქტზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მხარდამჭერებისთვის წაეყენებინათ ბრალი.
ყოველ შემთხვევაში, მათ მოუწევდათ მათივე გუნდშიც ჩაეხედათ. ეს არ გაკეთდა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინც გადაპორტირდა დღევანდელ ხელისუფლებაში, ან თუნდაც 2007 წელს, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, გვერდში მდგომი, დამფინანსებელი და დღეს არის დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი. ამ ადამიანების მიმართ არც 2007 წლის 7 ნოემბერზე ჩნდება შეკითხვები, არც სხვა მოვლენებზე“, – განაცხადა ონიანმა.
ახალაიას ადვოკატი სრულიად არ ეთანხმება გაეროს ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ საქმეები, რომლებიც იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ქონების დაზიანებასა და ჩამორთმევას ეხება, შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ონიანის განცხადებით, აღნიშნული კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს არ წარმოადგენს. მისი თქმით, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გაცილებით ფართო მასშტაბებია დამახასიათებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები